ინტერნეტში წავაწყდი ვაკანსიას, რომელიც რამდენიმე თვეში ათიათასობით ლარის შოვნას მპირდებოდა. რა თქმა უნდა, დამაინტერესა, რაში იყო საქმე და ამ “კომპანიაში” დავრეკე. ოპერატორმა ჩაიწერა ჩემი მონაცემები და მითხრა, გასაუბრებაზე ხვალ, 14:00-ზე გელოდებით, არ დაიგვიანოთო.
მეორე დღეს მითითებულ მისამართზე მივედი და რაღაც აბსტრაქტულ სურათებს ვათვალიერებდი. ვეჭვობდი, მისამართი ხომ არ შემეშალა – თქო. არც ოფისი და არც რეალური სამუშაო გარემო არ იყო, გარშემო ხალხიც არ ჩანდა. ცოტა ხანში ერთი ქალი მომიახლოვდა, რომელმაც დერეფნის ბოლოს ოთახი მიმასწავლა, მეც გავუყევი დერეფანს და კარი შევაღე.
კაბინეტი ძალიან პატარა იყო. მხოლოდ ერთ სამუშაო მაგიდას იტევდა გარშემო მცირე ადგილით. მაგიდის თავში კომპანიის პრეზიდენტი იჯდა, გვერდს კი ზედმეტმაკიაჟიანი თანაშემწე უმშვენებდა.
მათი საუბრიდან გამომდინარე, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტში უნდა დავრეგისტრირებულიყავით ერთ-ერთ რუსულ საიტზე და შეგვექმნა ჩვენი მაღაზია, რომელშიც მუდმივად მოვიწვევდით პოტენციურ კლიენტებს და შევთავზებდით პარფიუმერიის 25, 50 და 75 – დოლარიან პაკეტებს.
უმჯობესი იყო ჩვენს ჯგუფში ვინმე მეგობარი შემოგვეერთებინა, რათა პროდუქტი უფრო მალე გაგვესაღებინა. აქვე ერთი პირობა იყო, ვიდრე მუშაობას დავიწყებდით, 50$ შეგვეტანა სწავლების საფასური.
– სწავლებაში სტაჟრებას გულსიხმობთ? – ვიკითხე საუბრის მიმდინარეობისას.
– ეს იქნება ერთგვარი ბიზნეს კურსები, რათა პოტენციური მყიდველები მარტივად მოიზიდოთ.
– როგორც ვიცი, პრაქტიკებში თანხას თვითონ დამსაქმებელი იხდის.
– დიახ, მაგრამ ეს სავალდებულო კურსებია და არა სტაჟირება.
– ანუ, თუ ოფიციალურად ამიყვანთ სამსახურში, ეს ჩემ მიერ გადახდილი ფულის გამო მოხდება და არა პროფესიული უნარების დამსახურებით?
– არა, რა თქმა უნდა. აღნიშნული თანხა სულ მცირედია იმასთან შედარებით, რამდენსაც გამოიმუშავებთ მომავალში.
– თუ შესაძლებელია, იქნებ ახლავე დავიწყებ მუშაობას და 50$-ს პირველად აღებული ხელფასიდან გადავიხდი.
– თუ ახლავე არ გადაიხდით, ინტერნეტ პროგრამა არ გაიხსნება და ვერც პროდუქციის გაყიდვას შეძლებთ.
– მაგრამ ამის შესახებ არაფერი არ ეწერა ვაკანსიის ტექსტში..
– ახლა ხომ გაიგეთ?! (თანაშემწეს ხმაში ბრაზი მოერია, მე კი შემდეგ კითხვაზე გადავედი).
– ტრენინგების ხელმძღვანელი ვინ იქნება?
– ქალბატონი, რომელიც მრავალი წელია ბიზნეს ტრენერია.
– რამდენხნიანი გამოცდილება აქვს?
– ერთი წელია, რაც საქართელოში ატარებს ტრენინგებს. მანამდე კი 15 წელზე მეტი მოსკოვში მუშაობდა.
კითხვა-პასუხის შემდეგ ქალბატონებს აფორიაქება შეეტყოთ. ათი წუთის განმავლობაში ცალკე საუბრობდნენ და მალევე დაასრულეს შეხვედრა.
ჩემი წამოსვლისას მათ ბანკში ჩასარიცხი ანგარიშის ნომერი უკან გამომართვეს და სამწუხარო ამბავი მომახსენეს. თურმე იმსჯელეს და ჩემი კანდიდატურა უარყოფითად შეფასებულა, მეორე კანდიდატი კი სიხარულით გამოვიდა “ოფისიდან” – იმ დღესვე აპირებდა 50 დოლარის ჩარიცხვას.
საქართველოში ქსელური მარკეტინგის პრინციპი ასეთია: შემოაქვთ იაფფასიანი პროდუქტი, რომელიც არ მოიპოვება ჩვენ გარშემო და ცდილობენ მის ძვირად გასაღებას. მაგალითად, ბაობაბზე დამზადებული სიცოცხლის ელექსირი ან უნიკალური კოსმეტიკური ნაწარმი. ასეთი ოფისები ეწევიან “ვერბალურ დაბოლებას”. იციან, როგორ ჩაითრიონ ქსელში გამოუცდელი ადამიანები, ძირითადად სტუდენტები.
ჩვენთან “კალიის პრინციპი” მოქმედებს. გამოელევათ კოსმეტიკა? გადავლენ ტექნიკაზე. გამოელევათ ტექნიკა? გადავლენ სხვა სახის პროდუქციაზე და ასე გრძელდება დაუსრულებლად.
როდესაც კლიენტს შეატყუებენ თავიანთ მასალას და ეს უკვე ფართოდ ცნობილია, უახლეს გეგმას სახავენ. თვითონ პროცესი ახალი არ არის, თუმცა ეტაპობრივად ამოტივტივდება ხოლმე ზედაპირზე.
ექსპერტები გვაფრთხილებენ თავი შევიკავოთ ბუნდოვანი ვაკანსიების გამომოხმაურებისაგან. განსაკუთრებით მაშინ, თუ ასეთი ტიპის განცხადებები ქუჩაში გვხვდება ან ფლაერებით ვრცელდება.
სამსახურის დაწყებამდე წინასწარ უნდა გამოვიკვლიოთ დამსაქმებლის მონაცემები და გავერკვეთ მათ საქმიანობაში. “პირამიდული სქემით” დაკავებული კომპანიების უმეტესობას კი არც ვებ-გვერდი გააჩნია და არც ოფიციალური ტელეფონი. ერთადერთი, რაც მათ არსებობაზე მიუთითებს, უწყვეტ რეჟიმში დადებული პრესტიჟული ვაკანსიებია პერსპექტიული ახალგაზრდებისათვის.