2016 ჩემთვის ნამდვილი გამოწვევების წელი იყო. მოხალისეობრივ საქმიანობასთან ერთად ახალ სფეროშიც გადავწყვიტე ბედის მოსინჯვა და მენეჯმენტის სპეციალობის შესწავლა დავიწყე. მარტიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი გავხდი.
ვმონაწილეობდი ილიაუნის ბიზნესის სკოლის მასტერკლასებში – “კვლევა პრაქტიკაში”. ორი თვის განმავლობაში ჩემი ფაკულტეტის მკვლევრები სემინარებს გვიტარებდნენ და ივლისში საჯაროდ ორი კვლევის პრეზენტაცია გავმართეთ სტუდენტების დასაქმებისა და საუნივერსიტეტო აქტივობების შესახებ.
ბიზნესის სფეროს შესწავლასთან ერთად წელს სტუდენტური სამსახური ვიშოვე. ორი თვე კონსულტანტად ვმუშაობდი ბაგების ერთ-ერთ სუპერმარკეტში, საიდანაც რეალური ბიზნეს გამოცდილება წამოვიღე.
სუპერმარკეტში გავიცანი ადამიანები, რომლებსაც ვაფასებ და სიამოვნებით მოვიკითხავ. განსაკუთრებით ჩემს მენეჯერს, რომელიც მუდამ გულისხმიერებას იჩენდა და მაქსიმალურად ხელს მიწყობდა უნივერსიტეტში სასიარულოდ.
მე სპირტიანი სასმელების სექცია მებარა; ახალ პროდუქციას თაროებზე ვათავსებდი, ფასების ცვლილებას თვალს ვადევნებდი და სტუმრებს ყიდვის შესახებ გადაწყეტილების მიღებაში ვეხმარებოდი.
საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი, რადგან ყველაზე ძვირიანი პროდუქცია სწორედ ჩემს სექციაში ელაგა.
დღეები საინტერესოდ გადიოდა. თავისუფალ დროს პრომოობას ვითავსებდი და სუპერმარკეტის სხვადასხვა პროდუქციას მომხმარებელს ფასდაკლებით ვთავაზობდი. ამ პროცესში უფრო გამბედავი გავხდი და გაყიდვების რეალური პრაქტიკა მივიღე.
წლის ბოლოს ილიაუნიში მესამე სტუდენტური კლუბი დავაფუძნე მარკეტინგით დაინტერესებული სტუდენტებისათვის და ბიზნესის სკოლის თანაორგანიზებით, ახალი კვლევის მონაწილე გავხდი, რომელიც ქართულ კომპანიებში არსებულ სოციალურ პასუხისმგებლობას ეხება.
ასეთია მოკლედ ჩემთვის 2016 წელი, რომელიც მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. წელს ბევრი ისეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც საგრძნობ გავლენას იქონიებს ჩემს პროფესიულ განვითარებაზე.