პოსტის პირველ ნაწილში შემოგთავაზებთ რჩევებს სამსახურის ძიების სპეციფიკაზე, მეორე ნაწილში კი უფრო კონკრეტულად რეზიუმის შედგენის შესახებ ბრიტანელი HR პროფესიონალის წიგნის მიხედვით – Heather Salter, “Interview Secrets”, HarperCollinsPublishers.
1. გრძელვადიანი წარმატებისათვის უნდა მოძებნოთ თვენთვის შესაფერი ბიზნეს სექტორი. ჩამოწერეთ კომპანიები, რომლებსაც ყველაზე მეტად აფასებთ და განსაკუთრებით რა მოგწონთ მათი მუშაობის სტილში.
2. ნუ დაკარგავთ დროსა და ძალისხმევას ისეთი ვაკანსიის ძებნაზე, რომელიც არ შეესაბამება თქვენს პერსონალურ ღირებულებებს, რწმენასა და მიზნებს. თუ სამსახურს მცდარი მიზეზების გამო დათანხმდებით, მალევე წაგერთმევათ მოტივაცია და ყველაფრის ხელახლა გავლა მოგიწევთ.
3. გამოიკვლიეთ ორგანიზაცია. მოიძიეთ იმდენი ინფორმაცია, რამდენსაც შეძლებთ გასაუბრებამდე. ამით შეუცვლელ შთაბეჭდილებას მოახდენთ ეიჩარ მენეჯერზე და კარგ კითხვებსაც დასვამთ ინტერვიუს შემდეგ.
4. დააკვირდით ვაკანსიის შესახებ განაცხადს, სამუშაოს აღწერილობასა და აუცილებელ მოთხოვნებს, რომლებსაც თქვენგან დამსაქმებელი ითხოვს. დარწმუნდით, რომ ნამდვილად გაქვთ ის TOP უნარები, რომლებიც აუცილებელია სამუშაოს შესასრულებლად.
რაც შეეხება რეზიუმეს, მისი საფუძვლიანი მომზადება და CV-ში რელევანტური ინფორმაციის განთავსება გადამწყვეტ როლს თამაშობს მომდევნო ეტაპზე მოსახვედრად.
რეზიუმეს შედგენისას სასურველია, აზრი უფრო გამოცდილ ადამიანსაც ჰკითხოთ. ის თქვენს მონაცემებს სხვა თვალით შეხედავს და მეორე მოსაზრებას გაგიზიარებთ. ზოგადად CV-ის ჩამოყალიბება დამოკიდებულია ინდივიდის პერსონალურ მახასიათებლებზე, თუმცა არსებობს რამდენიმე ნიშანი, რაც ყველა რეზიუმეს აერთიანებს:
1. საკონტაქტო მონაცემები
საკონტაქტო მონაცემები აუცილებლად რეზიუმეს თავში უნდა მიუთითოთ. ესენია: თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი და პერსონალური ელ.ფოსტა. ფრთხილად იყავით მიმდინარე სამსახურის ელექტრონული მისამართის მითითებისას, რადგან შესაძლოა მას თქვენი ამჟამინდელი დამსაქმებელი აკონტროლებდეს.
2. პერსონალური პროფაილი
ევროპაში გავრცელებულია რამდენიმე წინადადებით რეზიუმის თავში გამოცდილების შეჯამება. არა ზოგადად, არამედ კონკრეტული რაოდენობრივი შედეგებით. რაც უფრო მკაფიო იქნება რეზიუმის ეს ნაწილი, მით უფრო თამამად განაგრძობს ინტერვიური დარჩენილი მონაცემების წაკითხვას.
3. დასაქმების ისტორია
იწყებთ მიმდინარე სამსახურიდან და მიყვებით ბოლოსკენ. ამ ნაწილში უთითებთ კომპანიებს, რომლებთან ერთადაც გიმუშავიათ თარიღებითა და საკვანძო პასუხისმგებლობით.
4. კვალიფიკაცია და პროფესიული განათლება & ტრენინგები
აქ უნდა დაიწყოთ არა თარიღის, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი კურსით, რომელიც გაგივლიათ ხუთი წლის მანძილზე და შემდეგ თუ დაგრჩათ ადგილი, შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ნაკლებ მნიშვნელოვანი ტრენინგებიც.
რეზიუმეს ამ ნაწილში დამსაქმებელი ეძებს ისეთი აქტივობას, რომელიც საუკეთესოდ ეხამება ვაკანტურ პოზიციას.
ბოლოსკენ, გახსოვდეთ, ერთ-გვერდიანი და კარგად ორგანიზებული რეზიუმე უმჯობესია, ვიდრე სამ-გვერდიანი და არარელევანტური მონაცემებით გადავსებული.