ოთხის ნახევარზე უკვე მზად ვიყავი. სუპერმარკეტის დრესკოდით, უნდა მცმოდა შავი შარვალი, მუქი ფერის ზედატანი კი ჩემზე იყო დამოკიდებული.
ფორმა ვითხოვე, მაგრამ ჩემი ზომისა არაფერი ჰქონდათ, ამიტომაც დავაბრუნე მაისური და ჩვეულებრივი ტანსაცმლით გავაგრძელე მაღაზიაში სიარული.
ჩემი კორპუსიდან იქ კიდევ ორი ადამიანი მუშაობდა. ერთი – ახალკურსდამთავრებული ხაზში იყო დასაქმებული, მეორე ასევე სტუდენტი, მეზობელ სექციაში იდგა.
მე სპირტიანი სასმელების მიხედვა მევალებოდა. დიდად გარკვეული არ ვყოფილვარ ღვინისა და ვისკის სახეობებში, თუმცა თავისუფალ დროს ვეცნობოდი, რათა მეორედ მომხმარებლისთვის უარი არ მეთქვა იმ პოდუქტზე, რომელიც რეალურად თაროზე იდო.
—
სტაჟირების პირველი დღე სწრაფად დაიწყო. როგორც კი მაღაზიაში მივედი, საქმე უკვე გამზადებული ჰქონდათ.
ახალი კორპუსის მშენებლობის გამო, ბოთლები მალ-მალე იმტვერებოდა. ამიტომაც, პირველ რიგში, სათითაოდ უნდა ჩამომეღო ისინი და გამეწმინდა.
შემდეგ ძველი ფასები ახლით უნდა შემეცვალა. სამწუხაროდ, ჩემ მისვლამდე სასმელების უმეტესობას არასწორი ფასი ეკრა. დიდი ძალისხმევის გაღება მომიხდა ორ დღეში ამის მოსაწესრიგებლად.
თუ მომხმარებელი, მაგალითად, კონიაკს წინა რიგიდან აიღებდა და ფასდებული თან გაჰყვებოდა, უნდა შემეჩერებინა და მეთხოვა მისი დატოვება. მაღაზიისთვის ახალი ფასდებულის დამზადება ზედმეტი ხარჯი იყო.
—
ოთხ საათზე სუპერმარკეტში ვიყავი. შესვლისას მოლარეებს ვესალმებოდი და მენეჯერის დავალებებს ვისმენდი. ერთხელ მითხრა, რომ ნატურალური წვენების თაროები სასწრაფოდ უნდა გადამევსო, რადგან სექციის კონსულტანტი ავად გახდა და ადგილზე არ გამოცხადებულა.
მეც ჩანთა და პიჯაკი გარდერობში შევინახე და საქმის შესრულებას შევუდექი.
ხანდახან ისეთი ქაოტური სიტუაცია იქმნებოდა, უბრალოდ არ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. თანამშრომლები ერთმანეთს ფეხებში ვებლანდებოდით. ეს იმ შემთხვევაში, როცა მასიურად ბევრი მომხმარებელი აწყდებოდა მაღაზიას.
ასეთ დროს უნდა დამევიწყებინა ჩემი სექცია და მთელი მარკეტი უნდა მომევლო, რათა კონსულტანტებს თავიანთ საქმესთან გამკლავებაში დავხმარებოდი.
როგორც მენეჯერმა მითხრა, მაღაზიაში გუნდური პრინციპი მოქმედებდა: ერთი ყველასთავის და ყველა ერთისთვის.
—
სტაჟირების პირველი კვირა რამდენადაც კარგად ვითვისებდი საქმეს, იმდენად მცირდებოდა ჩემი გატარებული საათების რაოდენობა უნივერსიტეტში. იქ ყოფნა განტვირთვად იქცა, რადგან ფეხზე დგომისგან დაღლილი უბრალოდ ვისვენებდი და ლექტორის ხმა იავანანასავით ჩამესმოდა.
ამავე პერიოდში მივხვდი, რომ რეალური ცხოვრება საუნივერსიტეტო ცხოვრებისაგან განსხვავდება და ტრადიციულად მიღებული ცოდნა აცდენილია იმ ბიზნეს უნარებისაგან, რასაც დამსაქმებელი მოითხოვს.
რეალურ სამსახურს თავისი წესები აქვს, სასწავლო დაწესებულებას კი თავისი. იმის კვალობაზე რომ სემესტრში ხუთ საგანს თეორიულ ბაზისებზე გადიხარ, ძალიან მონდომებული უნდა იყო, ბაკალავრიატის შემდეგ პროფესიულ კონკურენციას გაუმკლავდე.
მხოლოდ უნივერსიტეტის ცოდნითა და პრაქტიკით, შესაძლებელია კვლავ უნივერსიტეტში გააგრძელო საქმიანობა, თუმცა კომფორტის მიღმა თუ გსურს წარმატების მიაღწიო, იმ ფაქტსაც უნდა შეეგუო, რომ რაღაცის დათმობა მოგიწევს.
ეს რაღაცა ჩემთვის სალექციო საათების განახევრება და ზოგჯერ მარტო გამოცდებზე მისვლა იყო. ლექტორთა ნაწილი გაგებით ეკიდება ორ-სამსახურიანი სტუდენტის მდგომარეობას და შანსს აძლევს, სხვა დღეს ჩააბაროს გამოცდა, ზოგი მათგანი კი ცარიელ დაჟინებას იჩენს, რათა თავისი პრინციპები დაიცვას.
ყველაზე უცნაურად ახალბედა ლექტორები იქცევიან, ვისთვისაც უნივერსიტეტში სწავლების პირველი სემესტრია დამდგარი.
—
ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა სუპერმარკეტიდან გვიან მივედი გამოცდაზე. წერის დასრულებამდე ნახევარი საათიღა იყო დარჩენილი. ვუყურებდი ჯგუფელების დაძაბულ სახეებს, როგორ იყვნენ ჩართული საგამოცდო საკითხებში.
ტესტის გადახედვისას მივხვდი, რომ თითქმის არც ერთი თემა არ მახსოვდა. ვერც კრეატიულობა გამოგადგება, როცა საქმე სტატისტიკას ეხება და ამიტომაც ლექტორს ვთხოვე, გადაბარებაზე დავეშვი, რაზეც დამთანხმდა.
გადაბარების დღეს მაღაზიის მენეჯერს გავეთავისუფლე და საჭირო ცოდნით აღჭურვილმა შევაბიჯე აუდიტორიაში. მახსოვს, მინდოდა, საუკეთესოდ დამეწერა გამოცდა, თუმცა ეს მოტივაცია გაქრა, როგორც კი აუდიტორიაში აღნიშნული ლექტორი შემოვიდა.
მან საჩვენებელი თითით მონიშნა ყველა სტუდენტი, ვინც განმეორებითზე არ დაიშვებოდა. მათ შორის ვიყავი მეც. კითხვაზე, ხომ დამპირდით, განმეორებით გამოცდას დაგაწერინებო, მან უბრალოდ მხრები აიჩეჩა და თავისი პირობა გადააკეთა. უფრო სწორად მითხრა, ასეთი არაფერი მითქვამსო.
—
ახალი სასწავლო წლის დაწყებისას მხოლოდ ერთ ცვლაში მუშაობას ვეღარ გავაგრძელებდი, რადგან ლექციები დილასაც მქონდა და საღამოსაც. პირველად ამ პერიოდში დავიწყე ფიქრი მაღაზიიდან წამოსვლაზე და მენეჯერთან სასაუბროდ შევედი.
სიტუაციის ახსნის შემდეგ მან მოქნილი გრაფიკი შემომთავაზა, თუმცა შინაგანად კმაყოფილი მაინც არ ვიყავი.
ვუთხარი, რომ მე8სემესტრია და არ მინდოდა, უნივერსიტეტის დამთავრებას არასერიოზულად მივდგომოდი.
ამ დროს მენეჯერმა მითხრა, რომ შრომისმოყვარე ადამიანებს აფასებს და ამ ხნის განმავლობაში მაკვირდებოდა. როგორც აღმოჩნდა, სტაჟირების მეორე დღიდანვე ჩამსვა კადრში და ჩემი გატეხილი კონიაკის საფასური ხელფასიდან არ ჩამომაწერა.
მადლიერების გრძნობა დამეუფლა. ერთ-დღიანი შვებულება ავიღე საფიქრელად და სწორი გადაწყვეტილების საპოვნელად.
—
თავისუფალი დღე უნივერსიტეტში გავატარე. საგნები ავირჩიე და სასწავლო ცხრილი შევადგინე, რომელიც არც იმდენად ცუდად გამოიყურებოდა, როგორც ველოდი.
შემეძლო, ოთხი დღე მაღაზიაში სრულგანაკვეთზე მემუშავა. პარასკევს კი ნახევარ განაკვეთზე მივსულიყავი ჩემი სექციის მოსაწესრიგებლად.
ეს ვარიანტი მომეწონა, რადგან ფინანსები ძალიან მჭირდებოდა და ჯერჯერობით სამსახურის მიტოვებას ვერ გავრისკავდი.
სასწავლებელში ყოფნისას და მეგობრებთან საუბრის დროს მივხვდი, რომ რაღაც შეიცვალა. თითქოს ისეთი მიამიტი აღარ ვიყავი, როგორც უწინ და უფრო გამბედავიც გავხდი.
ეს უკანასკნელი ალბათ კონსულტანტობასთან ერთად სამუშაოზე პრომოობის შეთავსებამ გამოიწვია.
დგახარ სხვადასხვა სექციასთან და სააქციო პროდუქტს ფასდაკლებით სთავაზობ მომხმარებელს. ბევრი ასეთი შეთავაზება კომუნიკაციის უნარს გიუმჯობესებს და რეალურ გამოცდილებასაც გაძლევს.
ეს გაცილებით საინტერესო პროცესია, ვიდრე ზოგიერთ ლექციაზე ჯდომა.
—
ხანდახან სამუშაოს შემდეგ, უნივერსიტეტში – რომელიმე თავისუფალ აუდიტორიაში ვიჯექი, ვიდრე დაცვა არ შემოაღებდა კარს და მეტყოდა, რომ უნდა დამეტოვებინა ოთახი.
მე ძველებურად შევეკამათებოდი, რომ უნივერსიტეტი თერთმეტ საათამდე მუშაობას, ახლა კი ათი ხდება და ცოტა ხანში დავტოვებდი.
შემდეგ ის მეტყოდა, რომ ადმინისტრაციის განცხადებაა და ყველა სტუდენტმა უნდა დაიცვას. ექვსი საათის შემდეგ თუ მეცადინეობა მჭირდება, ბიბლიოთკაში უნდა მივიდე.
ბიბლიოთეკაში კომპიუტერები არ არის და ვანახებდი, რომ ცარიელ აუდიტორიაში ელექტრონულ მასალებს ვეცნობი.
ჩვენს ორს შორის ბრძოლა კი მაინც დაცვის სასარგებლოდ გადაწყდებოდა.
ერთხელ უქმე დღეს მივედი უნივერსიტეტში. სწრაფად ავდიოდი მეორე სართულზე ვიდრე კვლავ დაცვა არ შემომეგება და შემახსენა, რომ საჯარო დაწესებულებები ისვენებდნენ.
ასევე დააყოლა, ამ ახალგაზრდობას არაფერი არ ახსოვსო. მხოლოდ ინტერნეტი და სოციალური ქსელები აინტერესებთო.