დანიშნულ დროზე ადრე მივედი გასაუბრებაზე და დერეფანში ვიცდიდი.
როდესაც თერთმეტი საათი შესრულდა, ოფის მენეჯერმა მითხრა, იციან რომ მოხვედით და დაელოდეთო.
გავიდა 20-30 წუთი და კვლავ არავინ გამოჩენილა. გოგონამ გადარეკა უფროსთან და შეახსენა ეს ამბავი.
სახეზე მასაც გაწბილება შევატყე, რადგან აღმოჩნდა, ეიჩარს სხვა საქმე გამოუჩნდა და დროული გასაუბრებისათვის ვეღარ მოიცალა.
სიტუაცია ისე აეწყო, სხვა შეხვედრაზე მაგვიანდებოდა, ამიტომ იმედგაცრუებულმა დავტოვე იქაურობა.
24 წლის ვარ – იმდენად გამჯდარი პასუხისმგებლობით, რომ მცირე გულგრილობის გამოჩენასაც კი ვუფრთხი, რადგან წარმოვიდგენ ხოლმე, რას ვიგრძნობდი სხვის ადგილას.
ეს სასიამოვნო გრძნობა ნამდვილად არ არის.
კიდევ ერთი ცოცხალი მაგალითი შემემატა იმისა, როგორ არ უნდა იქცეოდეს მსხვილი კომპანიის ტოპ მენეჯერი.
ნუთუ ასე ძნელია, ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ვაკეთოთ ეს შეგნებულად, ელემენტარული ეთიკის დაცვით?
(ბიზნესის ყველა ქვედანაყოფს ვგულისხმობ)